თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ხობში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „ცოტნეობა" აღინიშნება. როგორც „სპუტნიკ საქართველოს" კორესპონდენტი იტყობინება, დღესასწაულის აღნიშვნა ქალაქში დილიდან სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებით მიმდინარეობს. დღეს ასევე გაიმართება „საპატიო ხობელის“ დაჯილდოების ცერემონია.
სახალხო დღესასწაულის სტუმრებისათვის მოეწყობა ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, თვითნასწავლ მხატვართა პერსონალური გამოფენები. გარდა ამისა, ხობის კულტურის სახლის მიმდებარედ მეგრული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართება.
ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება, რომელშიც ადგილობრივ ჯგუფებთან და მომღერლებთან ერთად, მონაწილეობას ცნობილი შემსრულებლები — „თეატრალური კვარტეტი" და გიორგი მეფისაშვილი — მიიღებენ.
ხობში "ცოტნეობას" რამდენიმე წელია უკვე ტრადიციულად აღნიშნავენ.