თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მონაწილეობას არ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც საქართველოში ოქტომბერში გაიმართება.
2016 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, მათ შორის, პარტიის ლიდერმა, საქართველოს თავდაცვის მექს-მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დატოვა.
დაგეგმილ არჩევნებში „თავისუფალ დემოკრატებს“ მონაწილეობის დამოუკიდებლად მიღება არ სურდათ. რამდენიმე თვის წინ პარტიის წარმომადგენლებმა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადეს, თუმცა, ეს პროექტი „პირველ საფეხურს ვერ გასცდა“.
„შექმნილ ვითარებაში ჩვენ გადავწყვიტეთ არ მივიღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და დავიწყოთ 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და მონაწილეობას გავაგრძელებთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ბრძოლაში ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
საქართველოს მოსახლეობა საკრებულოს დეპუტატებს, ქალაქებისა და რაიონების მერებს ოქტომბრის ბოლოს აირჩევს.
ერთ დროს „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდნენ, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა.
„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციიდან 2014 წლის ბოლოს გავიდნენ, მას შემდეგ, რაც ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების საფუძველი ხელისუფლების ღია და მკვეთრი კრიტიკა გახდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების დაპატიმრებას მოჰყვა. 2017 წლის იანვარში ჩინოვნიკებს პატიმრობის ვადა შეუმცირეს, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ისინი შეიწყალა.