თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ვაზიანის პოლიგონზე ნატოსა და მისი პარტნიორების მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის (Noble Partner 2017) საჩვენებელი წვრთნების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს მესამედ ჩატარდა, იგი 30 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდა. მიმდინარე წლის წვრთნები თავისი მასშტაბურობით გამოირჩეული იყო. მასში მონაწილეობას ღულობდა ნატოს 8 წევრი-ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო — საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, სლოვენიის, სომხეთისა და უკრაინის სამხედროები. სწავლება ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე ჩატარდა.
ვაზიანის პოლიგონზე გამართულ საჩვენებელი სწავლების დასკვნით ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები და დიპლომატიური კორპუსის წრმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა და წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა, რაც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და ბევრი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ამ პარტნიორობის მიზანია თავისუფლების მოყვარე საქართველოს დაცვა… ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ვაზიანისა და ნორიოს პოლიგონებზე 2 კვირის განმავლობაში 2800 სამხედრო სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ სამხედროებთან ერთად, სხვადასხვა სახის დავალებებს ასრულებდნენ.
სწავლებაში ჩართული იყო GTK Boxer-ის ტიპის გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი, Abrams-ის ტიპის ტანკები, M2 Bradley-სა და Stryker-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი C-130.
დღეს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს უწყებრივი მედლები გადაეცათ.