თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ახალქალაქისა და სამცხე-ჯავახეთის სხვა დასახლებული პუნქტების მოსახლეობას, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ, ქართულ ენას ასწავლიან, აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სწავლების პროცესს განახორციელებს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლა ახალქალაქის სომხური სამოციქულო ეკლესიის ინიციატივით.
განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, რომ ჟვანიას სახელობის სკოლამ სამცხე-ჯავახეთში 130 მობილური ჯგუფი მოამზადა, რათა ისინი აღმოჩნდნენ იმ ადგილებში, სადაც ქართული ენის შესწავლის საჭიროებაა და საგანმანათლებლო სერვისი შესთავაზონ ყველა დაინტერესებულ პირს.
"ჩვენ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის გაკვეთილს დავესწარით. პირველად საქართველოს ისტორიაში საეკლესიო პირებმა, სომხურენოვანი თემის წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სურვილი, რომ საკუთარ მრევლთან ერთად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა", — განაცხადა გიგაურმა.
გიგაურის გარდა ქართული ენის პირველ გაკვეთილს ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა, ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სახელმწიფო სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
გაკვეთილზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, რათა მთლიანად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ქვეყნის ხელისუფლება სთავაზობს.
"ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ზრდასრულ მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ისინი სურვილს გამოთქვამენ შეისწავლონ სახელმწიფო ენა", — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ახალქალაქში, სადაც მოსახლეობის 85% სომეხია, ბევრმა იცის სახელმწიფო ენა მხოლოდ ყოფით დონეზე. ეს მათ ხელს უშლის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებასა და ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ გახდომაში. ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ახალი კურსების მეშვეობით ვითარება რადიკალურად შეიცვლება.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, რომელიც 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა, საქართველოში 168,1 ათასი სომეხი ცხოვრობს.