თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ვიზიტისას თითოეული უცხოელი საშუალოდ 385 აშშ დოლარს ხარჯავს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.
2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ტურიზმიდან შემოსავალმა 1 094 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ–ივლისის პერიოდში საქართველოს 3 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, რომელთაგან 1,3 მილიონი ტურისტი იყო.
საქართველოს ტურიზმიდან ყველაზე დიდი შემოსავალი ივნისში (267 მლნ აშშ დოლარი) ჰქონდა, ხოლო ყველაზე მცირე — თებერვალში (127 მლნ აშშ დოლარი). ივნისში საქართველოს 666 ათასი ვიზიტორი ეწვია, თებერვალში კი 387 ათასი.
ამასთან, ერთი ვიზიტორის დანახარჯმა ივნისში, საშუალოდ, 400,9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი იანვარში იყო — საშუალოდ 220,7 აშშ დოლარი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში 686 სასტუმრო, 687 საოჯახო ტიპის სასტუმრო და 398 სასტუმრო სახლია. უახლოეს პერიოდში იგეგმება 167 სასტუმროს მშენებლობის დასრულება.