თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები პროფესიონალიზმისთვის შეაქო და ამ სტრუქტურის გაძლიერების შესახებ ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარემ მაშველების გმირობაც აღნიშნა, რომლებიც ყოველდღიურად ადამიანებს შავი ზღვის სანაპიროზე ეხმარებიან, ასევე ხაზგასმით გამოყო მეხანძრეების საქმიანობა, რომლებიც ოპერატიულად ახდენენ ცეცხლის ლიკვიდაციას.
„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. რა თქმა უნდა, ეს სტრუქტურა კიდევ უფრო გასაძლიერებელია. ჩვენ ქვეყანაში ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად გამოწვევებიც იზრდება და ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო სტრუქტურის მუშაობა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 1-31 ივლისის პერიოდში 109 დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებელი დაუბრუნეს.
2017 წლის დასაწყისიდან თბილისში არაერთი ხანძარი მოხდა, მათ შორის ქალაქის ცენტრში, ტელეკომპანიის შენობასა და მთაწმინდაზე. ყველა შემთხვევაში სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს.