თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელბურთის 19-წლამდელთა ნაკრებმა იაპონელ თანატოლებთან მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრა წააგო ანგარიშით 22:30.
მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში მიმდინარეობს.
"[მარცხის] მიზეზი შემიძლია ერთი ვთქვა — გამოცდილება. ჩვენი და იაპონიის გამოცდილება სხვადასხვაა. დღევანდელი მატჩისთვის იაპონია უკეთ მომზადებული აღმოჩნდა", — განაცხადა ხელბურთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს თამაშში ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდა, რამაც განაპირობა კიდეც შედეგი.
ჯგუფური რაუნდის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს აქტივში ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს, ხოლო სხვაობა ბურთებში შეადგენს 50:54. ამ მაჩვენებლებით მასპინძლები "ბე" ჯგუფში ჯერჯერობით მეოთხე ადგილს იკავებენ.
მომდევნო მატჩს საქართველოს ხელბურთის 19-წლამდელთა ნაკრები 11 აგვისტოს, 18:00 საათზე ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.