თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისში დაწყებულ ხელბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის (19 წლამდე) სადებიუტო მატჩში საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრებმა ალჟირის გუნდს სძლია 28:24.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლების აშკარა უპირატესობით წარიმართა — 16:9. მეორე ნახევარი ქართველებმა სტუმრებთან დათმეს — 12:15, თუმცა პირველ ტაიმში დაგროვილი სხვაობის წყალობით საბოლოო გამარჯვება მაინც საქართველოს ნაკრებს დარჩა.
ქართველი ხელბურთელების ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ირაკლი არსენაშვილი იყო, რომელმაც ცხრა ბურთი გაიტანა.
"ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენ ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს", — განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ მატჩის შემდეგ.
საქართველო В ჯგუფში გამოდის. ამ ჯგუფის სხვა თამაშებში ისლანდიამ იაპონია (26:24), ხოლო გერმანიამ ჩილეს ნაკრები (39:22) დაამარცხა.
შემდეგ მატჩს ქართველი ხელბურთელები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში ჭაბუკთა შორის 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
ტურნირში 24 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ექვსგუნდიან ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილი. პლეი-ოფის რაუნდში თითო ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადავა.