აშშ-ის არმიის შტაბის მეთაური თბილისშია

გამოწერა
აშშ-ის არმიის შტაბის მეთაური შეხვედრას გამართავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მაილი საქართველოს ეწვია, სადაც საქართველო-ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის (Noble Partner 2017) მიმდინარეობას გაეცნობა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკელ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დახვდნენ. მაილთან შესახვედრად აეროპორტში ასევე იმყოფებოდა გერმანიის „ჰოჰენფელსის“ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, გენერალი ანტონიო აუგუსტო.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ - Sputnik საქართველო
საქართველოში დაიწყო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“

ვიზიტის ფარგლებში მაილი შეხვედრას გამართავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებთან.

საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს.

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიურ საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს. ცენტრი ვაზიანში განთავსდება. ამას ითვალისწინებს გასული წლის ბოლოს საქართველოსა და აშშ-ს შორის 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულება. შეთანხმება წარმოადგენს მემორანდუმის „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ" გაგრძელებას.

ყველა ახალი ამბავი
0