თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში 2017 წლის ოქტომბერში მონაწილეობის მიღება შეუძლია 3,4 მილიონზე მეტ ადამიანს, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების – საკრებულოების წევრებსა და მუნიციპალიტეტების მერებს აირჩევს.
"წელიწადში ოთხჯერ შესაბამისი უწყებები ცესკოს აწვდიან მონაცემებს, რომლებიც, თავის მხრივ, საარჩევნო სიებს აყალიბებს. ბოლო მონაცემებით, რომელიც ჩვენ 2017 წლის 15 ივლისს მივიღეთ, საქართველოში რეგისტრირებულია 3 461 225 ამომრჩეველი", — განაცხადა მიქელაძემ.
ეს რაოდენობა ამომრჩევლის საბოლოო სიის შედგენისას შეიცვლება.
"კენჭისყრის დღის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ ცესკო განახლებული მონაცემების მიღების მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართავს. ამის შემდეგ ცესკო კვლავ დაამუშავებს მიღებულ მონაცემებს, დაყოფს მათ ოლქების მიხედვით. არჩევნების დანიშვნიდან ხუთი დღის განმავლობაში და არაუგვიანეს არჩევნებამდე ხუთი დღისა ცესკო თავის ვებ-გვერდზე ამომრჩევლის საერთო რაოდენობას გამოაქვეყნებს", — აღნიშნა მიქელაძემ.
ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა განცხადება „გაბერილი სიების“ შესახებ, რაც ლოგიკურად გამომდინარეობს მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერის მონაცემებიდან. ამ აღწერის თანახმად, ქვეყანაში სულ დაახლოებით 3,7 მლნ მოსახლეა.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ თბილისის მერის პოსტზე მმართველმა პარტიამ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის კანდიდატურა წარადგინა.
არჩევნებზე კალაძის კონკურენტები იქნებიან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენდირექტორის ყოფილი მოადგილე და ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დეპუტატი ელენე ხოშტარია პარტიიდან "ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის", თენგო შერგელაშვილი პარტიიდან "შენების მოძრაობა" და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის შედეგებით, კალაძეს ამომრჩეველთა 30% უჭერს მხარს, ელისაშვილს — 19%, უდუმაშვილს — 18%, ხოშტარიას — 5%. გამოკითხვის ჩატარების პერიოდში შერგელაშვილის კანდიდატურა ჯერ წარდგენილი არ იყო.