თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თელავსა და ლაგოდეხში სპეციალური მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვაში ორი აფთიაქი ამხილეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, მეწარმეები დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით მათი კუთვნილი აფთიაქებიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ.
უკანონო საქმიანობის შედეგად გაიყიდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით, რაც სასჯელის სახით ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს მასშტაბით ათზე მეტი ობიექტი გამოავლინეს, რომლებიც მედიკამენტებს ლიცენზირებისა და ნებართვის პირობების დარღვევით ყიდდნენ.
საქართველოში რეცეპტის გარეშე სპეციალური მედიკამენტების გაყიდვა 2014 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალა.