თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის ექვს თვეში სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტების რაოდენობა გაიზარდა თითქმის შვიდჯერ, ყალბი დოკუმენტების გამოვლენის — ორჯერ. ამასთან, თითქმის 1%-ით შემცირდა სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტები.
კერძოდ, იანვარ-ივნისის პერიოდში მესაზღვრეებმა საქართველოს სავიზო რეჟიმის დარღვევის დაახლოებით 1,3 ათასი ფაქტი გამოავლინეს. ძირითადად ესენი იყვნენ ირანის (244), ჩინეთის (197), რუსეთის (174), სომხეთისა (114) და აზერბაიჯანის (85) მოქალაქეები.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გააძევეს 44 უცხოელი. აქედან უმეტესობა იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქე. შემდეგ მოდიან ინდოეთის, ნიგერიის, ჩინეთის, განის, კოტ-დ'ივუარის, აშშ-ის, ბულგარეთის, ერაყის, ირლანდიის, კამერუნის, მოლდოვის, რუსეთის, უკრაინისა და შრი-ლანკის მოქალაქეები.
წლის პირველ ნახევარში საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ცდილობდნენ 297-ჯერ, აქედან 215 შემთხვევაში — საქართველოს მოქალაქეები. ლიდერთა სამეულში შედიან ასევე რუსეთისა (40) და თურქეთის (10) მოქალაქეები.
საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ყველაზე მეტი შემთხვევა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში — 216.
თბილისის აეროპორტი ასევე ლიდერია ყალბი დოკუმენტების გამოვლენის მხრივ — სულ 63 ყალბი დოკუმენტიდან 37 შემთხვევა აეროპორტში გამოვლინდა. მეორე ადგილზეა საკონტროლო-გამშვები პუნქტი "სარფი" – 10 შემთხვევა.
"სარფზე" აღმოაჩინეს ძებნაში მყოფი ადამიანების დოკუმენტების ყველაზე მეტი რაოდენობა — 255-დან 89; მეორე ადგილი ამ მხრივ დაიკავა "სადახლომ" (40), მესამე — "წითელმა ხიდმა" (38).