თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სს "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელთა ჯგუფმა ადმინისტრაცია შრომითი პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და პროტესტის უკიდურესი ფორმით — შიმშილობით დაიმუქრა.
უკმაყოფილების მიზეზი გახდა "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ. ქართველი რკინიგზელების ახალი პროფკავშირების მონაცემებით, 1 აგვისტოს ვახტანგ ცისკარიშვილი, აკაკი ჭარელიშვილი და უჩა ხვთიასიაშვილი, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ და უკვე რამდენიმე წელია იქვე მუშაობენ, თბილისში დაიბარეს და გამოუცხადეს, რომ ისინი სამუშაოდ დედაქალაქში გადმოჰყავთ. ამაზე მათ უარი თქვეს, რის გამოც ადმინისტრაციამ მათი გათავისუფლება გადაწყვიტა.
"სამწუხაროდ, რკინიგზა უარს აცხადებს დიალოგზე. ჩვენ რამდენჯერმე მივწერეთ მათ წერილი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვცდილობდით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ეს უკვე საგანგაშო ტენდენციაა. ამიტომ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს პროტესტის უკიდურეს ფორმას — შიმშილობას მიმართონ", — განაცხადა რკინიგზელების ახალი პროფკავშირის პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.
პროფკავშირმა რკინიგზის ადმინისტრაციას მოუწოდა, შეცვალონ გადაწყვეტილება შვიდი დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის აქციას თანამშრომელთა ნაწილი შეუერთდება.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, მას შემდეგ, რაც ცისკარიშვილი, ჭარელიშვილი და ხვთისიაშვილი გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს მიიღებენ, სასამართლოს მიმართავს.
„საქართველოს რკინიგზაში“ 12 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.