თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდე) საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მსოფლიო თასის გათამაშების ცხრილი გამოაქვეყნა, რომელიც თბილისში 2-28 სექტემბერს ჩატარდება.
ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე რთული მოწინააღმდეგე საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერსა და ფიდეს რეიტინგის მე-10 ნომერს ნანა ძაგნიძეს შეხვდა. პირველ რაუნდში ქართველი მოჭადრაკე ჰოლანდიელ ანიშ გირის შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.
მამაკაც მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო ბაადურ ჯობავა (57-ე ადგილი ფიდეს რეიტინგში) პირველ შეხვედრას ახალგაზრდა ესპანელი მოჭადრაკის ლოპეს სალგადოს წინააღმდეგ გამართავს.
უფრო მეტად სახელოვანი მოწინააღმდეგე ერგო მიხეილ მჭედლიშვილს, რომელიც პირველ რაუნდში ევროპის ჩემპიონს, რუს ერნესტო ინარკიევს შეხვდება.
კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე ლევან ფანცულაია კი პოლონელ იან დუდას დაუპირისპირდება.
2017 წლის მსოფლიო თასის ჩემპიონატში 128 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი. შეჯიბრება ნოკაუტ-სისტემით ჩატარდება: ორ კლასიკურ პარტიაში თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში მოწინააღმდეგეებს ტაი-ბრეიკი ელით: ჯერ რაპიდი, შემდეგ ბლიცი და, აუცილებლობის შემთხვევაში, „არმაგედონი“.
ტურნირის ფინალი ოთხი კლასიკური პარტიისგან შედგება.
მსოფლიო თასის მფლობელი და ფინალისტი 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირის საგზურს მოიპოვებენ.