თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, მიუხედავად ნებისმიერი აკრძალვისა, მოსკოვში მოლაპარაკებებზე სიარულს აპირებს.
ამის თაობაზე მან ოპოზიციური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივის კომენტარისას განაცხადა. ამ პარტიაში მიიჩნევენ, რომ კერძო ინიციატივით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
"სიბრიყვეა და მეტი არაფერი – დემოკრატიულ სახელმწიფოში უკარნახო პოლიტიკურ ლიდერს, სად წავიდეს და ვის ელაპარაკოს. მე მაინც წავალ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, დაველაპარაკები ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დამსაჯონ! მომავალი თაობები გაარჩევენ, ვინ რას აკეთებს ქვეყნისთვის", — განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 2001-2008 წლებში ეკავა. 2008 წლის გაზაფხულზე ის გადადგა. იმავე წლის ნოემბერში ბურჯანაძე პოლიტიკაში დაბრუნდა და შექმნა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო".
ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახით ბურჯანაძე ხშირად სტუმრობს მოსკოვს. როგორც თვითონ აცხადებს, ამის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებაა.