ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა ბრიფინგზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრა შეაჯამეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა განცხადებები გააკეთეს ფრაქციის დეპუტატებმა.
პარლამენტთაშორისი დიალოგის ჯგუფი, რომლის შექმნაზეც შეთანხმდნენ ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატები და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, მუშაობას სექტემბრიდან შეუდგება, განაცხადა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი პარლამენტთაშორისი ჯგუფი იქნება დიალოგის ჯგუფი და არა მეგობრობისა გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ჯერ არ გვაქვს მეგობრობის დონის ურთიერთობა… დიალოგის ჯგუფი ჩამოყალიბდა და ეს ჯგუფი სექტემბრიდან იმუშავებს ყველა იმ საკითხზე, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერს და მოსკოვში ჩასვლა კოლეგებთან სასაუბროდ არ არის ყველაფერი, ეს არის პირველი ნაბიჯი. ასეთი ცდა ჩვენ ბევრი გვექნება და გავაკეთებთ ამ ყველაფერს მანამ, სანამ არ დაიძვრება ეს საკითხები", — განაცხადა ადა მარშანიამ.
რუსი დეპუტატების საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას ადა მარშანიამ განაცხადა, რომ არ იცის, როდის გაიმართება შეხვედრები. რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მანამდე განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის ქვეყნების საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა.