თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბათუმში. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახების წევრები და ახლობლები მომხდარის ორ მიზეზს ასახელებენ: ნარკოტიკების ჭარბ დოზასა და ძალადობას, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს გიორგი ერქვა და პროფესიით მოდელი გახლდათ, მეორეს კი —ზვიადი და მომღერალი იყო.
გარდაცვლილების ოჯახების წევრები ოთხი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მათთან დაკავშირებას.
ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობრის თქმით, უჭირს დაიჯეროს გიორგის კავშირი „ბიოსთან“, ვინაიდან მასთან რამდენიმე წლიანი მეგობრობის განმავლობაში მსგავსის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.
რაც შეეხება ძალადობრივ სიკვდილს, შსს-ში აცხადებენ, რომ ცხედრებს ძალადობის ნიშნები არ აქვთ.
„წინასწარი მონაცემებით, მათ ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ“, — განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.
მიუხედავად ამისა, მედიაში მაინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთ გარდაცვლილს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
ახალგაზრდების ცხედრები უკვე გადატანილია ექსპერტიზაზე.