თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დიდი ხანია, რაც პლუს 40-42 გრადუსზე ნარჩუნდება. სინოპტიკოსები შედარებით „აგრილებას“ პარასკევიდან გვპირდებიან, იუწყება Новости-Грузия ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელ სვეტლანა ნიორაძეზე დაყრდნობით.
„ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კლებას დაიწყებს და 30-35 გრადუსზე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ სიცხეები იქნება და ზოგ რაიონში 41 გრადუსსაც კი მიაღწევს. 11 აგვისტოდან კი იქაც დაიწყება ტემპერატურის კლება 2-3 გრადუსით. ვერ გეტყვით, რომ აგრილდება, მაგრამ 41 გრადუსი აღარ იქნება“, — განმარტა ნიორაძემ.
რაც შეეხება ოთხშაბათს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ოთხშაბათს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი, ხოლო დღისით — 31-36 გრადუსი სიცხე. მაღალ მთაში ღამით ჰაერი 13-18 გრადუსამდე გათბება, დღისით კი — 28-33 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 35-40 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 12-17 გრადუსი იქნება, დღისით კი — 26-31.
თბილისში — ძირითადად უნალექოდ, დროდადრო ღრუბლიანობა, დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 23 გრადუსი, ხოლო დღისით — 40 გრადუსი.