თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებენ, აღნიშნულია უმაღლესი სასწავლებლის განცხადებაში.
4750 კვადრატული მეტრი ფართობის ოთხსართულიან შენობას ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ააშენებენ. სამშენებლო სამუშაოები აგვისტოში დაიწყება და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
შენობა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. მასში განთავსდება საკლასო ოთახები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტების პარტნიორია 2013 წლიდან. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრიატის ამერიკულ პროგრამებს სამშენებლო, სამოქალაქო, კომპიუტერულ და ელექტრონულ ინჟინერიაში.
ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) კალიფორნიის კამპუსში ერთი სემესტრით ან ერთი წლით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს ექვსი ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად დაარსდა. ამჟამად ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. როგორც თავად უნივერსიტეტში აღნიშნავენ, სასწავლებლის ერთიანი სივრცე დაფუძნებულია რამდენიმე პრინციპზე: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება და არჩევანის თავისუფლება.
პროექტი ხორციელდება კორპორაცია "ათასწლეულის გამოწვევების" ფინანსური მხარდაჭერით.