თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ქვეყნის საერთაშორისო არენაზე წარდგენისა და საქართველოს პოპულარიზებისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ამ სეზონზე ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა და თავისი სახელი ისტორიაში ჩაწერა, როგორც პირველი ქართველი, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.
"ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც მოიპოვა NBA-ს თასი და გადაწყვიტა, რომ ეს გამარჯვება თავის სამშობლოში აღენიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენს წარმატებას საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ. ზაზა ფაჩულია არ ივიწყებს თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას", — განაცხადა მარგველაშვილმა.
ფაჩულიამ სახელმწიფოს მეთაურს ასეთი პატივისთვის მადლობა გადაუხადა.
"რაც გამიკეთებია ჩემ ცხოვრებაში, ნამდვილად გულით გამიკეთებია და ასეთ რაღაცას არ ველოდებოდი. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი გიფასებს იმ შრომას, ყველა იმ საქმეს, რასაც აკეთებ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ღირსეულად ვატარო ცხოვრებაში", — განაცხადა ფაჩულიამ.
დაჯილდოების ცერემონიაზე ფაჩულიამ თან NBA-ს თასი მიიტანა, რომელსაც ორშაბათს ასევე წარადგენს თბილისის სპორტის სასახლეში გულშემატკივრისთვის სპეციალურ შოუში.
ღირსების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1992 წლის დეკემბერში დაარსდა. ორდენი გაიცემა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დამსახურებისთვის.
მანამდე ზაზა ფაჩულიას ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მას გადაეცა მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ანტიკური ხანის ქართული საოქრომჭედლო ოსტატობის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს წარმოადგენს.
ამ სეზონზე ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი გახდა და ის ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფაჩულია სექტემბერში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.