თბილისი, 6 აგვისტო-Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-დან, ინტოქსიკაციის სიმპტომით 19 წლის გოგონა ქალაქ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იტყობინება ტელეარხი „Rustavi 2“.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, გოგონა, ადგილობრივი დროით გამთენიის 5 საათზე საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინტოქსიკაციის შედეგად, გასულ კვირაში, დაიღუპა 22 წლის გოგო, ხოლო კიდევ 10 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა.
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, პოლიციამ განმუხურში, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულისთვის 5 ადამიანი დააკავა.
მოგვიანებით ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შესაბამისი სამსახურები თვალყურს ადევნებენ, რათა ფესტივალის ტერიტორიაზე ნარკოტიკები არ მოხვდეს.