ნატა პატარაია
საქართველომ, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი ერთ-ერთმა პირველმა, მეცნიერთა მიერ რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრა და მთავრობის დადგენილებით დაადგინა სურსათში ტრანსცხიმების ის ზღვრული ნორმა, რაც თვისობრივად განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მისაღებ რისკის დონეს, განაცხადა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მრჩეველმა სურსათის უვნებლობის საკითხებში ზურაბ ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ 1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესაბამისად, 100 გრამ სურსათში მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ასევე საერთოდ ელიმინირებულია (0გრ.) ტრანსცხიმები ბავშვთა კვებაში.
ზურაბ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ტრანსცხიმების მავნე გავლენის შესწავლა მეცნიერებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამეცნიერო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ იშემიური დაავადებების 70% უკავშირდება ტრანსიზომერის მოხმარების გაზრდილ დოზას, იმ შემთხვევებს, როცა ადამიანი მას გამუდმებით იღებს 2 გრამზე მეტი რაოდენობით 100 გრამი სურსათის მიღებისას.
ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების შედეგების მონაცემების დადგენას ათწლეულები დასჭირდა. გამოვლინდა ტრანსიზომერის ტოქსიკოლოგიური ბუნება, რომელიც შეიძლება არა მხოლოდ უჯერი ცხიმმჟავების ჰიდროგენიზაციით, არამედ მცენარეული ზეთის მაღალ ტემპერატურაზე გაცხელების შედეგად წარმოიქმნას.
„მარტო აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებულ კვლევაში 18 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტრანსცხიმების 4 გრამის ან მეტის მიღების შედეგად, მათი 7% დაავადდა — ზოგი დიაბეტით, ზოგი ჰიპერტენზიული წნევით, ზოგს შვილის გაჩენის უნარი დაეკარგა, ზოგის ორგანიზმი ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის საფრთხის წინაშე დადგა. ყველაზე გავრცელებული დაავადება ჰიპერტენზიული წნევა და მისი შედეგი — გულის იშემიური პათოლოგია გახლავთ“, განმარტა ზურაბ ცქიტიშვილმა.
საქართველოში ტრანსცხიმების ზეგავლენის შესწავლა ბოლო წლებში დაიწყო.
როგორც ზურაბ ცქიტიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობის კვლევითი სამეცნიერო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა რისკის შეფასების ორი სტრუქტურა: მეცნიერთა საკონსულტაციო საბჭო და რისკის შეფასების სამსახური.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე (ქვეყანაში წლის განმავლობაში 20 000 ტონა მცენარეული ცხიმის იმპორტი განხორციელდა) განისაზღვრა, მომზადებულიყო მცენარეულ ცხიმების ჰიდროგენიზაციით დამუშავებულ პროდუქტებში წარმოქმნილი ტრანსიზომერების რისკის შეფასებისათვის სამეცნიერო დასკვნის მომზადება. ამ მიზნით მოვიწვიეთ ცნობილ მეცნიერთა ჯგუფი: ჰიგიენის სპეციალისტები, ტოქსიკოლოგები, ქიმიკოსები და სხვ.
კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (ეს რძის დეფიციტის პერიოდია) მცენარეული ცხიმის დიდი რაოდენობა მოიხმარება.
მაგალითად, ნაყინი მხოლოდ მცენარეული ცხიმისგან მზადდებოდა. თუცა მიმდინარე წლის 1აგვისტოდან სახელმწიფო გააკონტროლებს სურსათში გამოყენებული მცენარეული ცხიმის „ტექნოლოგიურ წარმომავლობას“ და მასში ტრანსიზომერის ოდენობის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან.