თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდეს არ უპასუხონ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელმაც ლეონიდ ბრეჟნევის ეპოქასა და "ქართულ ოცნებას" შორის პარალელი გაავლო.
მარგველაშვილსა და პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" შორის დაპირისპირება უკვე 3 წელია გრძელდება.
"კიროვის პარკის" შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი გვიქნევდა ხელს, სადაც ეწერა: "პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა". ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა და პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "Rustavi2"-ის ეთერში.
მმართველმა პარტიამ ეს განცხადება შეურაცხყოფად მიიღო.
"გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს", — ნათქვამია ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპასუხო რეაქციამ არ დააყოვნა.
"ეს ძალიან სამწუხაროა. ეს სწორედ ხაზს უსვამს იმას, რომ მმართველ ძალას, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, გაუჩნდა მართლაც უალტერნატივობის განცდა. მას არ სურს აბსოლუტურად არცერთი მხარისაგან მოისმინოს განსხვავებული აზრი. სწორედ ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი მარგველაშვილი, სწორედ ამას უსვამდა ხაზს, რომ ასეთი დამოკიდებულება არის დამახასიათებელი ტოტალიტარული მმართველობის სტილისათვის და რომ ეს აღარ უნდა გამეორდეს არასოდეს ჩვენს რეალობაში", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.