თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში სილამაზის ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, "მის საქართველო — 2017"-ის ფინალი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაიმართება, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. რეგისტრაცია აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ეროვნული კასტინგი, რომელზეც შეარჩევენ ფინალისტებს, სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. ფინალისტები ბრძოლასსაქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულისთვის გააგრძელებენ.
ღონისძიების ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრი", რომელიც აგრეთვე საქართველოში სილამაზის საერთაშორისო კონკურსების "მის მსოფლიო", "მის სამყარო" და "მის ინტერკონტინენტალის" ექსკლუზიური წარმომადგენელია.
"იმიჯ ცენტრი" პროექტ "მის საქართველოს" 2003 წლიდან ატარებს და სთავაზობს მონაწილეებს იშვიათ გამოცდილებას, ამაღლებს მათ ცნობადობას, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს", — აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს შეუძლიათ. "მის საქართველო — 2017"-ის გამარჯვებული და ტოპ-ხუთეულის წევრები სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრებიან.
სილამაზის კონკურს "მის საქართველო — 2015"-ის გამარჯვებული თბილისელი ნუკა ყარალაშვილი გახდა. 2016 წელს კონკურსი არ ჩატარებულა.