თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მწარმოებლის ქათმის კვერცხის 60 ნიმუშში დარღვევა არ გამოუვლენია, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მილიონი ქათმის კვერცხი, რომელიც მწერების საწინააღმდეგო ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავდა, გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის მაღაზიების დახლებზე მოხვდა. ჰოლანდიაში 147 მეფრინველეობის ფაბრიკიდან შემოწმების დასრულებამდე პროდუქციის მაღაზიებში მოწოდება აიკრძალა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, კვერცხი საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული პროდუქტია. წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 550 მილიონ ცალ კვერცხს მიირთმევს. ამასთან, საქართველოში მხოლოდ 2016 წელს 590 მილიონი კვერცხია წარმოებული.
„მიმდინარე წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნეს-ოპერატორებთან 81 შემოწმება (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) ჩატარდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არცერთში გამოვლინდა. მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
ეტიკეტირების წესები 2013 წელს შემოიღეს, ისინი მწარმოებელს თითოეულ კვერცხზე მწარმოებელი ქვეყნისა და წარმოების თარიღის მითითებას ავალდებულებს.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სხვადასხვა მაჩვენებელზე კიდევ 245 ნიმუშის შემოწმება იგეგმება.