თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ივლისში რუსეთის 219 000-მდე მოქალაქე ესტუმრა, რაც გასული წლის მონაცემებს 60,4%-ით აღემატება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
ამგვარად, რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ იმ უცხოელთა შორის, რომლებმაც საქართველო 2017 წლის ივლისში მოინახულეს. მეორე ადგილზე არიან სომხეთის მოქალაქეები — 209 000-ზე მეტი ადამიანი (+25,4%), მესამეზე — აზერბაიჯანის მოქალაქეები (190 000-ზე მეტი ადამიანი, ზრდა +13,8%).
ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ თურქეთი და ირანი. ივლისში საქართველოს თურქეთის 141 000-ზე მეტი (+0,6%) და ირანის 44 000-ზე მეტი მოქალაქე (+85,8%) ესტუმრა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ივლისში საქართველოში ყველაზე ხშირად ჩამოდიოდნენ ნიდერლანდების (+33%), დიდი ბრიტანეთის (+34%), გერმანიის (+33%) და საფრანგეთის მოქალაქეები (+33%).
საერთო ჯამში ივლისში საქართველოს 982 000-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,5%-ით მეტია.
ამასთან, 2017 წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველოს ესტუმრა 4 მილიონი უცხოელი ვიზიტორი (+16,8%), მათგან 1,8 მლნ-ზე მეტი ტურისტი იყო.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში წელს მათმა რაოდენობამ 726 200-ს მიაღწია (+36%).
ტურიზმის სფერო საქართველოში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ხარისხის შემოწმება ტარდება, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის გადამზადება.