თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. იანვარ-ივლისში საქართველოს 4 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 572 200-ით მეტია (ზრდა +16,8%).
ვიზიტორთა რაოდენობამ, რომელთაც საქართველოში 24 საათი და მეტი დრო დაჰყვეს, 1,8 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 423 800-ით მეტია (ზრდა +30,2%), ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან (+8,7%), სომხეთიდან (+18,3%), რუსეთიდან (35,9%) და ირანიდან (+169,5%).
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად საქართველოს სტუმრობდნენ ავსტრიის (+52%), ნიდერლანდების (+39%), გერმანიის (+32%), დიდი ბრიტანეთის (+29%) და საფრანგეთის მოქალაქეები (+26%).
საქართველოში ბევრად უფრო ხშირად ჩამოდიან ირანიდან (+223.4%), უზბეკეთიდან (+163%), საუდის არაბეთიდან (+159%), ინდოეთიდან (+133%), ისრაელიდან (+48%), ჩინეთიდან (+41%).
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 436,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა +23,3%), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82 მლნ დოლარით მეტია.