თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ინდონეზიის რესპუბლიკის პოლიციის ეროვნული საბჭოს მდივანი ბექტო სუპრაპტო დელეგაციასთან ერთად პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას გაეცნო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინდონეზიელ სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა. დელეგაცია გაეცნო როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
"საქართველოში ჩვენი ვიზიტის მიზანია საქართველოს მთავრობისა და პოლიციის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაცნობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად რეფორმირების პროცესი ინდონეზიის პოლიციაშიც მიმდინარეობს. ვიცით, რომ პოლიციის რეფორმირების კუთხით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს", — განაცხადა ინდონეზიის პოლიციის ბრიგადის გენერალმა ვაჰიუ ვიდადამ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ინდონეზიის პოლიციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს შსს-ს აკადემიაში, ერთობლივი ოპერაციების ცენტრსა და მომსახურების სააგენტოში.
ინდონეზიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. საქართველოში ინდონეზიის საელჩო არ არის. დიპლომატიური მისიის რეზიდენცია მდებარეობს კიევში. ინდონეზიაში საქართველოს საელჩო 2012 წელს გაიხსნა. ინდონეზიაში საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძეა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ქვეყნები ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას ავითარებენ.