თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს და ესპანეთის შს მინისტრებმა გიორგი მღებრიშვილმა და ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზმა ტალინში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ერთობლივი ბრძოლის საკითხები განიხილეს.
ხუთშაბათს ტალინში ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალი მიეძღვნა სამართალდამცავი სფეროს რეფორმებს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და ესპანეთმა ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა გააძლიერონ. ჩვენ განვიხილეთ, როგორ გავაძლიეროთ საპოლიციო კავშირები, რათა საქართველოს და ესპანეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემო მაქსიმალურად უზრუნველვყოთ", — განაცხადა ხუან იგნასიო ზოიდო ალვარეზმა.
მხარეებმა ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა დადებითად შეაფასეს.
„ჩვენ წარგზავნილი გვყავს ესპანეთში ჩვენი პოლიციის ატაშე, რომლის ჩართულობით საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ერთობლივად არაერთი წარმატებული ოპერაცია განახორციელა", — აღნიშნა მღებრიშვილმა.
ალვარეზმა და მღებრიშვილმა საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის FIEP-ში (ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანება) გაწევრიანების და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველომ ორგანიზაციაში აპრილში შესვლის სურვილის შესახებ განაცხადა.
საქართველოსა და ესპანეთის შს მინისტრებმა ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხიც განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, ესპანეთის შს მინისტრმა თავისი ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მადრიდში მიიწვია და მისგან თბილისში საპასუხო მიწვევა მიიღო.