13 წლის განმავლობაში დამწყვდეული დათვი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს

გამოწერა
მას შემდეგ, რაც ცხოველთა დამცველებმა განგაში ატეხეს, მურა დათვი თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა დროებით შეიფარა „წითელ წიგნში" შეტანილი მურა დათვი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე 13 წელი გამომწყვდეული ჰყავდათ, განაცხადეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

გამომწყვდეული დათვის თემას ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში. განგაში ცხოველთა უფლებების დამცველებმა ატეხეს, მათ შორის არიან „პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელი ნატა ფერაძე და ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი. მათ გარემოს დაცვის სამინისტრო დაადანაშაულეს მათი ინტერესების დაცვაში, ვისაც დათვი უკანონოდ ჰყავდა დატყვევებული. 

თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკის ადგილზე ცენტრალური პარკი მოეწყობა

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გავრცელებული ბრალდებების პასუხად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანის უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა", — ნათქვამია დეპარტამენტის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შემდეგ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს, შეადგინეს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მის მიმართ, ვისაც დათვი ჰყავდა გამომწყვდეული. მისი თქმით, მტაცებელი გალიაში 2004 წლიდან იმყოფებოდა.

ამჟამად დათვი ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე, „თბილისის ზღვასთან" ახლოს იმყოფება, სადაც ამჟამად აგებულია ვოლიერები დათვებისა და მგლებისთვის. ახალი ბინადარი ჯერჯერობით იზოლირებულია, ის ჯერ ნარკოზიდან არ გამოსულა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

„ამჟამად ზოოპარკში ხუთი დათვი და ორი ბელია. ზოოპარკის ტერიტორია 12 ათასი კვადრატული მეტრია ბუნებრივი ლანდშაფტით. ცხოველები იქ თავს მშვენივრად გრძნობენ. რაც შეეხება რეაბილიტაციის პერიოდს, ეს ინდივიდზეა დამოკიდებული. ძუები რეაბილიტაციას ძალიან მძიმედ გადიან. ის შეიძლება ვოლიერში დარჩეს", — განაცხადა გურიელიძემ.

დათვი ზოოპარკში იქამდე დარჩება, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

ყველა ახალი ამბავი
0