ელექტრომობილები და ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილები ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. მრავალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ამის მიზეზი არის არა გარემოზე ზრუნვა, არამედ საწვავზე ეკონომია.
რატომ ირჩევენ უფრო და უფრო ხშირად ელექტრომობილს? ამის მიზეზი მხოლოდ საწვავზე გაკეთებული ეკონომია არ არის.
ბევრ ქვეყანაში მავნე ნივთიერებების გამოყოფაზე და საწვავზე კონტროლი მკაცრდება. შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვი პლანეტაზე კლიმატის შეცვლის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა. გარდა ამისა, ელექტრომობილის დამუხტვის ფასზე ნავთობის ფასის ცვლილებები პირდაპირ არ აისახება. ელექტრომობილებში ასევე გამოიყენება თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიები. Tesla-ს წარმატების შემდეგ ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით მუშაობა დაიწყეს ისეთმა გიგანტმა ავტოკონცერნებმა, როგორებიცაა Mercedes-Benz, BMW, Volkswagen და GM. სხვა დანარჩენი კომპანიებიც ელექტრომობილების წარმოებაში ჩაშვებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.
კომპანიამ Toyota, რომელმაც ჯერ კიდევ 2000-იან წლებში გამოიცნო მომხმარებლის მოთხოვნა და პირველი ჰიბრიდული ტიპის Prius ჩაუშვა წარმოებაში, კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს და უკვე დაიწყო წყალბადის ძრავზე მუშაობა. Toyota-ში წყალბადზე მომუშავე მანქანებს (Fuel Cell Vehicles — FCV) "მომავალი საუკუნის" არჩევანს უწოდებენ.