თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
თვითმფრინავის ტრაპთან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.
მაიკ პენსის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 1 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით დაიწყება, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ამის შემდეგ პენსი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რომელთან ერთად დაათვალიერებს წვრთნებს "ღირსეული პარტნიორი 2017" (Noble Partner 2017).
გარდა ამისა, დაგეგმილია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრები მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ განაცხადა. მაისში შედგა კვირიკაშვილის შეხვედრა ტრამპთან.
საქართველოსა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო. 2000-იან წლებში ეს ურთიერთობები უფრო აქტიური გახდა. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას", რომელიც გულისხმობს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას.