თინათინ ბუკია
მამასთან ხის სახელოსნოში მუშაობა 16 წლის ასაკში დაიწყო და მაშინ საკუთარი სახელოსნოს გახსნაზე არც კი უფიქრია. თავდაპირველად მხოლოდ ეხმარებოდა, თუმცა ამბობს, რომ დიდად არ ხიბლავდა დამხმარედ მუშაობა.
— ხეზე მუშაობა მომწონს, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით რაღაც განსაკუთრებული ისტორია, უბრალოდ, ვმუშაობ იმისთვის, რომ თავი ვირჩინო და საზოგადოებაში ადგილი დავიმკვიდრო იმ საქმით, რომლითაც ძალიან ცოტა ადამიანია დაკავებული.
ჩემი საქმიანობა არ მოითხოვს ფიზიკურად დიდ დატვირთვას, არ მიწევს მძიმე ნივთებთან მუშაობა, საქმე მოითხოვს სიზუსტეს. ჯერჯერობით მარტო მუშაობას ვამჯობინებ. როცა მეტი შემოთავაზება და შეკვეთებზე მოთხოვნა გაიზრდება, სავარაუდოდ, მუშახელს ავიყვან.
ხეზე კვეთის ოსტატს მუშაობა სიამოვნებას ანიჭებს. მისი სამუშაო დღე დილით ადრე იწყება. სახელოსნოში 4-5 საათს ატარებს. სახლის ეზოში არსებულ გარაჟს ნემო სახელოსნოდ იყენებს. ამბობს, რომ ფართი საკმაოდ ვიწროა, მოცულობით დიდი მასალის მომზადების დროს უწევს დანადგარების გადაადგილება. მის სახელოსნოს რამდენიმე თვის წინ პრემიერი სტუმრობდა, დურგალს ნამუშევრები მოუწონა და წამოწყებულ საქმეში წარმატებები უსურვა.
მუშაობს შეკვეთით, ხშირად შეკვეთებს Facebook-გვერდიდან (NEMO-Woodworker) იღებს. იდეები მუდმივად მოსდის, ზოგჯერ იმპროვიზაციას მიმართავს და საბოლოოდ სასურველ შედეგს იღებს. მეწარმე სახელოსნოში სურათების ჩარჩოებს, სხვადასხვა საოფისე და საოჯახო ნივთებს, ხის სათვალეებს, ზარდახშებს, მობილურის კეისებს, პლანშეტებისა და ტელეფონებისთვის განკუთვნილ დამჭერებს ამზადებს. საკუთარ ნამუშევრებს შემოდგომიდან ხის საათებსაც დაამატებს.
— ახლა სეზონზე მოთხოვნა ხის სათვალეებზე მაქვს, „ანაკლიობაზე“ ვგეგმავ ჩემი გამოფენის გამართვას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. სათვალისთვის დამზადებული მაქვს ბამბუკის ფორმის და ოთხკუთხედი ზარდახშის შესაფუთი ყუთი.
ჩემ პროდუქციაზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. ჩემზეც არის დამოკიდებული, რამდენი მზა პროდუქტი მექნება. ჯერ არ მაქვს დაპატენტებული საკუთარი ბრენდი, ბრენდს მინდა საკუთრი სახელი დავარქვა. სწავლის პროცესში ვარ, თან ვმუშაობ, თან ვიხვეწები. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად მიდის, არის ნივთი, რომელიც მცირე მოგებას ტოვებს და არის ისეთი ნივთი, რომელიც თვითღირებულებას ორჯერ აღემატება.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ნემომ 5 ათასი ლარის ოდენობის გრანტით თანამედროვე სახერხი მოწყობილობა და ლაზერული კუთხის საჭრელი ფრეზის დანადგარი შეიძინა.
ახალგაზრდა ოსტატი საკუთარი სახელოსნოს გაფართოებას, ზუგდიდსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საიუველირო მაღაზიის გახსნას გეგმავს, თუმცა, მანამდე ხის დასამუშავებელი დანადგარების შეძენას გეგმავს, რისთვისაც 20 000 დოლარი სჭიდება.