საქართველომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ცხრა მედალი მოიპოვა

გამოწერა
ცხრიდან რვა მედალი საქართველოს ნაკრებს ძიუდოისტებმა მოუტანეს

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა დიორში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ XIV საზაფხულო ფესტივალზე ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ–გვერდზე.

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე–11 ადგილი დაიკავა. გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, რომელმაც 61 მედალი მიიღო, აქედან 30 ოქროსია (30–19–12). მეორე ადგილზეა იტალიის ნაკრები – 38 მედალი (14–11–13), ხოლო მესამეზე 41 მედლით – უნგრეთის გუნდი (13–14–14).

ძიუდოისტები ვლადიმერ ახალკაცი და მარიამ ჭანტურია - Sputnik საქართველო
საქართველოს მეორე ოქრო უნგრეთის ოლიმპიურ ფესტივალზე

შეჯიბრების დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ყულბაში ორი ბრინჯაო კანოისტმა გია გაბედავამ (200–მეტრიანი დისტანცია, 44,450 წამი) და ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (სძლიეს ესტონეთის გუნდს 5:0) მოუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ცხრიდან რვა მედალი საქართველოს ნაკრებს ძიუდოისტებმა მოუტანეს. ანალოგიური ვითარება იყო ფესტივალზე 2015 წელს თბილისში. მაშინ ათიდან ცხრა მედალი ძიუდოისტებმა მიიღეს.

საქართველოს ნაკრები დიორის შეჯიბრებებზე წარადგინა 32–მა სპორტსმენმა სპორტის შვიდ სახეობაში: 11 — ძიუდო, 7 — მძლეოსნობა, 4 — სპორტული ტანვარჯიში, 3 — ჩოგბურთი, 2 — ცურვა და 2 — ველოსპორტი.

ფესტივალის დახურვის ოფიციალური ცერემონია დღეს, 30 ივლისს გაიმართება. შემდეგი, მე–15 ფესტივალი 2019 წელს ბაქოში ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0