თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. უნგრეთის ქალაქ დიერში ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა მარიამ ჭანტურიამ (-63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ფინალურ ორთაბრძოლაში ჭანტურიამ თავის ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ორგზის ჩემპიონს, სერბ ანია ობრადოვიჩს სძლია.
კიდევ ერთი, ამჯერად ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს ძიუდოისტმა ვლადიმერ ახალკაცმა (-81 კგ) მოუტანა.
ამგვარად, ფესტივალის დაწყებიდან ოთხ დღეში საქართველომ ოთხი მედალი მოიპოვა: ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოსი, თანაც ყველა ძიუდოში.
ჭანტურიასა და ახალკაცის მიერ მოპოვებული მედლების წყალობით საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მე-20 ადგილიდან მე-14-ზე გადაინაცვლა. არაოფიციალურ ჩათვლაში რუსეთი ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 16 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალია.
ძიუდოისტთა ტურნირის ბოლო დღეს, 28 ივლისს მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან სოფიო სომხიშვილი (+73), მიხეილ ბექაური (90 კგ) და ლევან ჭელიძე (+100 კგ).
ევროპის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დიერში 29 ივლისამდე გასტანს.