საქართველომ უნგრეთის ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქრო მოიპოვა

გამოწერა
ქართველმა ძიუდოისტებმა ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ოქრო და ვერცხლი მოიპოვეს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ევროპის XIV საზაფხულო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უნგრეთში პირველი ოქროს მედალი საქართველოსთვის ძიუდოისტმა გიორგი ჩიხელიძემ (-66 კგ) მოიპოვა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ოლიმპიადა ამ დღეებში ქალაქ დიორში მიმდინარეობს.

ფინალურ შეხვედრაში ჩიხელიძემ მოლდოველ პიოტრ პელივანს სძლია.

ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის უნგრეთის შეჯიბრებებზე მეორეა. მანამდე ვერცხლი ასევე ძიუდოისტმა ბექა წიფიანმა (-55 კგ) მოიპოვა.

დღეს, 27 ივლისს დიორის ოლიმპიურ ტატამზე გავლენ თინათინ რევაზიშვილი (-57 კგ), მარიამ ჭანტურია (-63 კგ), ლევან ფსუტური (-73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81 კგ).

ქართველი სპორტსმენების ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონია - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები უნგრეთში გაემგზავრნენ

შეჯიბრებების სამი დღის შემდეგ საერთო გუნდური ჩათვლებით ლიდერობს რუსეთი (12 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო). შემდეგ არიან უნგრეთისა (7-8-7) და ჰოლანდიის (4-4-1) ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები ამჟამად მე-20 ადგილს იკავებს.

უკანასკნელ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც თბილისში 2015 წელს ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი მოიპოვა — 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს. აქედან საქართველოს გუნდმა 9 ჯილდო ძიუდოში მოიპოვა, ხოლო ერთი მედალი სპორტულ ტანვარჯიშში.

ევროპის საზაფხულო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველად 1991 წელს ბრიუსელში ჩატარდა და იმ დროიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ოლიმპიური ფესტივალი უნგრეთში 29 ივლისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0