თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. დღეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც შრომითი ტრეფიკინგისა და სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლებად გვევლინებიან.
"ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მისასალმებელია, რომ აშშ–iს სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის ანგარიშში, საქართველო, 2016 წლის მსგავსად, კვლავ პირველ კალათაშია და მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ. ანგარიშში აქცენტი კეთდება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებაზე, პრევენციასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებზე", ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რჩება საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის საკითხი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ მეტი ძალისხმევა მიმართოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისკენ, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და არსებული სერვისების გაძლიერებაზე.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას, რაც ორმაგად აძლიერებს სექს-ტრეფიკინგის რისკს. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ რეგიონებზე, სახელმწიფომ პროაქტიულად მოახდინოს საინფორმაციო შეხვედრები და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრეფიკინგის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით ყოველწლიურად მსოფლიოს 188 სახელმწიფოს აფასებს. შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
საქართველოს 2013 წლიდან 2016 წლამდე ადგილს იკავებდა მეორე კალათში. განხორცილებული რეფორმების და შესრულებული რეკომენდაციების შედეგად, 2015 წელს ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა.
საქართველოში ტრეფიკინგის მსოფლიო დღე 2014 წლიდან აღინიშნება.