ბავშვობის მეხსიერებიდან ყველაზე ნაკლებად — ყველაზე ხალისიანი და უდარდელი პერიოდის — საზაფხულო არდადეგებისას განცდილი ქრება!
ის, 1966 წლის ზაფხული კი განსაკუთრებული და მართლაც განსხვავებული გამოდგა ჩემი თაობის ბავშვებისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, პირველად მოხდა და პირდაპირ ეთერში, პირველად ვუყურებდით ინგლისის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს.
უმნიშვნელოვანესი რამდენიმე გარემოება იყო. პირველი — ტელევიზორი ფუფუნების საგნად აღარ ითვლებოდა. პროგრესი თავისას შვრებოდა და გაიმართა მატჩის პირველი ტრანსლაცია ასეთ დიდ მანძილზე. ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ამ დღეს, 1966 წლის 30 ივლისს ფეხბურთის სამშობლოს, ინგლისის ნაკრები გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ისტორიაში პირველად, ხუთმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები.
გაფართოებული თვალებით შევყურებდით ეკრანიდან გადმოსულ, რეალობად ქცეულ იმ ლეგენდებს, მანამდე რომ ზღაპრის გმირებივით სხვისი მონაყოლით და გაგონილით ვიცნობდით. იმ დღიდან ხორცშესხმულ რეალობად იქცნენ ბრაზილიელი „ჯადოქრები“ — ვირტუოზი გარინჩა და უნგრელებისგან „ფეხებდალეწილი“ ფეხბურთის მეფე- პელე. იტალიური „კატენაჩო“ — ლეგენდარული მაცოლა და ფაკეტი. ინგლისელი ძმები — ჩარლტონები და ფეხბურთის ოლიმპზე მოულოდნელად ავარდნილი, პორტუგალიის გმირად ქცეული, მოზამბიკელი ეუსებიო.
მეორე დილიდან კი, კისრის ძარღვების დასკდომამდე ვუყვებოდით ერთმანეთს წინა საღამოს ერთად ნანახისა და განცდილის შესახებ. მატჩების ჩვენეულ განხილვა-შეფასებებსა და დასკვნებთან შედარებით, სპეციალისტების აზრი „დილეტანტის დასკვნად“ მოჩანდა. ისე ავტორიტეტულად ვმსჯელობდით ფინალში ინგლისელებისგან გერმანელთა კარში გატანილ სკანდალურ გოლზე, თითქოს მაგ დროს, ჩვენ უფრო ახლოს ვიდექით გერმანელთა კართან, ვიდრე „ლაინსმენი“ ტოფიკ ბახრამოვი. პირველად მოგვეცა საშუალება, სხვის მონაყოლზე კი არა, საკუთარი თვალით ნანახზე გვემსჯელა და გასაკვირი ის უფრო იყო, ერთმანეთს რომ არ „ვხოცავდით“ სიმართლის დასამტკიცებლად.
ამ დროისთვის ტელევიზორი „უცხო ხილი“ აღარ გახლდათ. მისი ყიდვა ყველა მაღაზიაში შეიძლებოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, ქალაქისგან განსხვავებით, პერიფერიაში, ყიდვას აზრი არ ჰქონდა. ჯერ კიდევ დაუხვეწავი ტექნოლოგიების, სუსტი რეტრანსლატორებისა და გადამცემების გამო, ჩვენს სოფელშიც ერთადერთი სახლი იყო, სადაც ტელევიზორი სიგნალს იჭერდა და წარმოიდგინეთ, რა დღეში გვყავდა ფეხბურთის საყურებლად მისულ სოფელს ეს ოჯახი. კიდევ კარგი, რომ ვახერხებდით და აივანზე გამოდგმულ „ყუთს“ ეზოში იარუსებად დამდგარ-დამჯდარი ვუყურებდით. კომფორტს არავინ უჩიოდა. მთავარია, არაფერი გამოგვპარვოდა. „ხარბი“ თვალებითა და ცნობისმოყვარეობით ვნთქავდით ყველა მოძრაობასა და ეპიზოდს.
იმის გამო, რომ ტელევიზია ჯერ კიდევ „ფეხს იდგამდა“, ბუნებრივია, ყველა სოფელს ერთი-ორი ასეთი, ტელევიზორის საყურებელი, გამორჩეული ტერიტორია ჰქონდა და…
აი, რა მიამბო ერთმა ჩემმა მეგობარმა!
მეგრულ სოფელში, გერმანია-ინგლისის იმ ცნობილი ფინალური მატჩის წინ, მასპინძელმა ეზოში შეკრებილ „მაყურებელს“ გადახედა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად გასძახა თავის შვილს: — წადი ახლა და ის და მისი შვილი (სახელი უთხრა) აქ მოიყვანე ორთავე, თორემ ვიცი მე, როგორ მწარედ უნდა მაგას ამ ფინალის ნახვა და ისედაც გული აწუხებს, არაფერი უბედურება დაემართოს და არ თქვას, ფეხბურთი არ მაყურებინეს და მიტომ მოვკვდიო! მთელმა სოფელმა იცოდა, ეს ორი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში უბრად რომ იყვნენ და ამ კაცურ საქციელს — შერიგების მიზეზის პოვნას ოვაცია მოჰყვა. იმ ღამეს, იმ ეზოში, სოფელმა თვითონ გაშალა ლამაზი ფინალისა და ლამაზად შერიგების შესაფერი სუფრა.
ღირდა, ღმერთმანი! ყოველთვის ხომ არ ემთხვევა ერთმანეთს ორი ასეთი დიდებული მოვლენა?!
შერიგდნენ რომელიო! ძალიან მალე, როცა ყველას უკვე საკუთარ სახლში ჰქონდა ტელევიზორი, ეს ორი ოჯახი მორიგეობით, მაინც ერთმანეთთან იკრიბებოდა ფეხბურთის საყურებლად.
მართლა კაცების სპორტია ფეხბურთი!
მერაბ ხაჩიძე