თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარგალში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და მწერალის, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართა, იუწყება ვებ-გვერდი "მთის ამბები".
ვაჟაობაზე ტრადიციულად მუსიკალური, სპორტული, თეატრალური ღონისძიებები ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ფშაური სამზარეულოსა და ტრადიციული რეწვის ნამუშევრები, ასევე გაიმართა დოღი, ჭიდაობა, ეროვნული სამოსისა და ფოლკლორული ნიმუშების გამოფენები.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთების, ხელნაწერებისა და უნიკალური ფოტოების გამოფენა.
ამფითეატრში გაიმართა გალა–კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ჯგუფებმა: ჯაზ-ფოლკ ბენდი, ანსამბლი "ალილო" და შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი".
კონცერტის მსვლელობის დროს წაიკითხეს ვაჟას ლექსები და მწერლებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე ისაუბრეს.
ცნობილი მწერალი, ქართველების "მთის არწივი" ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში მდინარე ჩარგლულის ნაპირას, პატარა ქვიტკირის სახლში.
ლუკა რაზიკაშვილს ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა პეტერბურგში სწავლისას მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. ფშავ-ხევსურეთში "ვაჟა" კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავდა.
ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები: "ალუდა ქეთელაური", "ბახტრიონი", "სტუმარ-მასპინძელი", "გველისმჭამელი", "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ხმელი წიფელი" და ა.შ.