ცნობილი მწერალი, ქართველების,,მთის არწივი’’ ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა ზუსტად 156 წლის წინ, 1861 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში მდინარე ჩარგლულის ნაპირას პატარა ქვიტკირის სახლში.
მშობლები: მამა — პავლე რაზიკაშვილი, სოფლის თვითნასწავლი მღვდელი იყო. სწორედ მან ჩაუნერგა პატარა ვაჟას წიგნების სიყვარული. დედა — ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი, რომლის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად. გულქანი მას საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა.
ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). მისი ძმებიც, თედო და ბაჩანა რაზიკაშვილები, ცნობილი მწერლები გახდნენ.
განათლება: 8 წლის ვაჟა-ფშაველა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომაც ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. შემდეგ კი, 1883 წელს, პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, ხელმოკლეობის გამო სწავლა მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა.
ოჯახი: ვაჟა-ფშაველას ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე (ეკატერინე ნებიერიძე). მას ობლად 4 შვილი დარჩა. 1904 წელს ვაჟამ მეორე ცოლი ნინო (თამარ) დიდებაშვილი შეირთო. ერთი წლის შემდეგ კი ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა.
მძიმე შრომამ და გაჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. თუმცა, მძიმე სენმა თავი მაინც არ ანება და ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს კი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში. 1957 წლის 24 მარტს მის ადგილას დაკრძალეს ვაჟას მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი.
შემოქმედება: ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები:,,ალუდა ქეთელაური’’,,, ბახტრიონი’’,,,სტუმარ-მასპინძელი’’,,,გველისმჭამელი’’,,, შვლის ნუკრის ნაამბობი,,,ხმელი წიფელი’’ და ა.შ.
საინტერესო ფაქტები ვაჟაზე: ▪ ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა პეტერბურგში სწავლისას შეარქვა მისმა თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა. ფშავ-ხევსურეთში,,ვაჟა’’ კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავდა.
▪ ვაჟა სხვადასხვა ფსევდონიმებით წერდა: „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა. შ.
▪ ვაჟამ 29 წლის ასაკში, 1890 წელს, ერთი თვის მანძილზე დაკარგა ორივე მშობელი – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა.
▪ 31 წლის ვაჟა-ფშაველას ციმბირის წყლული შეეყარა და მარჯვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაციის შემდეგ თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და „რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
▪ მეორე ცოლი, თამარ დიდებაშვილი, ვაჟამ ისე შეირთო, რომ თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. თამარის მამას მისთვის ხელწერილი ჩამოურთმევია, სადაც ეწერა, რომ ვაჟას თამარი მიჰყავს ხასად, მისივე სურვილით და სიტყვას იძლევა, რომ მოუვლის შეძლებისდაგვარად კარგად.
▪ სიკვდილის წინ ვაჟამ მთა და მთის წყალი ინატრა. მას ლოგინი იატაკზე დაუგეს და ზედ მინდვრის ყვავილები მიმოუფინეს. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:
,,მუხთალო წუთისოფელო,
ტანჯული შვილი გშორდები,
თუ ვინმეს ვალი მიმყვება,
იქიდან გავუსწორდები’’.
▪ დიდუბიდან მთაწმინდაზე ვაჟა-ფშაველას ნეშტი მისმა ნათლულმა, გიორგი ლეონიძემ, და,,ცისფერყანწელებმა’’ გადაასვენეს.
ხატია გიგოლაშვილი