თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად რუსეთის მიერ ძებნილ მიქაელ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოსარჩელის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა.
დაღესტნის მკვიდრები მიქაელ კადიევი და რიზვან ომაროვი საქართველოში ტერირიზმის ბრალდებით 2013 წელს დააკავეს, თუმცა, პატიმრობის ორი წელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მიესაჯათ. სამშობლოში კადიევი დაღესტნის რესპუბლიკის ხასავიურტის რაიონის ხელმძღვანელის მკვლელობაშია ბრალდებული. საქართველოში ის მესამე წელია ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„დიახ, მართალია, საქალაქო სასამართლომ გააუქმა ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება. ახლა სამინისტრომ ეს საკითხი ხელახლა უნდა განიხილოს ან გაასაჩივროს საააპელაციო სასამართლოში“, — განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
პირველად კადიევმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2014 წელს მიმართა. უარის მიღების შემდეგ, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქი სასამართლოში, თუმცა უშედეგოდ. შემდგომში მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც დააკმაყოფილა საჩივარი და სამინისტროს გადაწყვეტილების გადახედვა დააკისრა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კადიევის საკითხი განიხილა, თუმცა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი უთხრა.
ბოლოს კადიევმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში 2017 წლის დასაწყისში შეიტანა. სასამართლომ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ გამოიტანა.
მას შემდეგ, რაც კადიევი 2015 წელს საპატიმროდან გათავისუფლდა, მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. მას ჩამოართვეს პასპორტი, რადგან ის ინტერპოლის ხაზით იძებნება.