თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. პირველად საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია Sportsway Tourism, აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2017 წლის 28-29 სექტემბერს, ბორჯომში გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენცია ყოველწლიური გახდება.
"კონფერენცია ემსახურება საქართველოს განვითარების ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს — საქართველოს, როგორც მიმზიდველ ტურისტულ და კულტურულ-სპორტულ მიმართულებად დამკვიდრებას", – აღნიშნულია განცხადებაში.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოვლენათა გავლენა ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაზე, მოვლენათა შექმნის სტრატეგია, ბრენდირება, განვითარება, ადგილობრივი ეთნოკულტურული და სპორტული მოვლენების გზით მიზიდულობის ცენტრების შექმნა, მოვლენების ეკონომიკური დაგეგმვა, ანალიზი და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება Event Expo, რომელზეც დაინტერესებულ ორგანიზაციებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოში ტურიზმი დინამიკურად ვითარდება. ნახევარ წელიწადში ქვეყანას 3 მილიონი უცხოელი ეწვია, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 13%–ით მეტია. ამასთან შემოსავლები ტურიზმიდან 25,2%-ით გაიზარდა.