თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 52 წლის ვალენტინა შელკოვინას ცხედარი, რომელიც საქართველოში ავტოავარიისას დაიღუპა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მის ნათესავებსა და ახლობლებს გადასცეს, განუცხადეს "Sputnik–საქართველოს" უწყების პრეს–სამსახურში.
შელკოვინა საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდა. ის რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა, მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით ნათესავებმა ექსპერტიზის ბიურო ცხედრის გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.
"ამ ეტაპზე ცხედარი უკვე გატანილია ბიუროდან, როგორც შევუთანხმდით ნათესავებს თავდაპირველად", – განაცხადა პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.
რაც შეეხება გარდაცვლილის ნათესავების ბრალდებებს ბიუროს მისამართით, უწყებაში განმარტეს, რომ ეს მათ გამო არ მომხდარა.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრეს–სამსახურის მონაცემებით, შელკოვინას ცხედარი პოლიციამ სამშაბათს ღამით გადაასვენა. დილით ბიუროს შენობის ლიფტში სარემონტო სამუშაოები იყო დაგეგმილი.
დაწესებულების თანამშრომლებმა დაღუპულის ნათესავები გააფრთხილეს ამის თაობაზე და სთხოვეს, რომ 11 საათისთვის მიეტანათ შსს–ს გამომძიებლის დადგენილება, რომ ცხედრის წაღების უფლება ჰქონდათ.
თუმცა ნათესავები ბიუროში სათანადო დოკუმენტების გარეშე მივიდნენ. ბიუროს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პროფილაქტიკური სამუშაოების გადადება და მათ ვადა 12 საათამდე მისცა.
12:00 საათზე შელკოვინას ოჯახის წევრები კვლავ მივიდნენ ბიუროში, თან ჰქონდათ საჭირო დოკუმენტები, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ცხედარი არ წაიღეს. რემონტის გადადება აღარ შეიძლებოდა. თანამშრომლებმა დაიწყეს პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელიც ხუთშაბათს გვიან ღამით დასრულდა. ნათესავებმა ცხედრის წაღება მაშინ შეძლეს.
რუსული მასმედიის ცნობით, შელკოვინა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ არდონის მკვიდრი იყო. სწორედ იქ ჩაასვენებენ ცხედარს.