თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველო რთველისთვის ემზადება — „რთველი–2017“-ის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების უზრუნველსაყოფად მთავრობა მევენახეების სუბსიდირების პირობებს ცვლის.
მთავრობის ახლებური მიდგომა, რომელიც მევენახეობის დარგში არსებულ რეალობას ეფუძნება, კახეთის მევენახეებს აკარგვინებს სუბსიდიას, რომელსაც ისინი 2013 წლიდან იღებდნენ.
ამასთან გაგრძელდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სუბსიდირება, აგრეთვე ამ რეგიონის მეღვინეებისთვის საშეღავათო კრედიტების გაცემა.
ვინ, რამდენს და რისთვის მიიღებს
საქართველოს მთავრობა აღარ გასცემს სუბსიდიას კახეთის რეგიონში ყურძენზე — აღმასრულებელი ხელისუფლების საგანგებო განკარგულება ხუთშაბათს, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად კომპანიების მხრიდან გაზრდილია მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე და დღეს კახეთის რეგიონში ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირების საჭიროება არ არსებობს და, მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად მთელი რიგი ღონისძიებები ჩამოთვალა: დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 24 ახალი საწარმო და გაფართოებულია 48 საწარმო, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 5 123 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი, მოხდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტაბილურად მზარდია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი.
თუმცა სუბსიდია რჩება საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოებაზე.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით "რქაწითელსა" და "კახური მწვანის" ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ“, — განაცხადა დავითაშვილმა.
„რთველი–2016“-ის ფარგლებში „რქაწითელის“ ან „კახურის მწვანის“ ჯიშის ხარისხიანი ყურძნის 1 კილოგრამის სუბსიდია 0,45 ლარს შეადგენდა, ხოლო „საფერავის“ — 0,20 ლარს.
რაჭის პრიორიტეტი
„განსაკუთრებული მნიშვნელობიდან (დაცული ადგილწარმოშობა) გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე — "ალექსანდროულსა" და "მუჯურეთულზე" — 1 კგ-ზე გაიცემა 2 ლარი”, — განაცხადა დავითაშვილმა.
„რთველი–2016“-ის ფარგლებშიც "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძნის 1 კგ-ზე 2 ლარი გაიცემოდა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გატანა გადამუშვების მიზნით.
„მთავრობის გადაწყვეტილება — 2017 წლის რთველის ფარგლებში მოახდინოს მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სუბსიდია, რაჭაში ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს“, — განაცხადა მან.
2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი. ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაგრძელდება სესხების გაცემა.