თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფცია" ხელმძღვანელი გიორგი ბაჯელიძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შპს "ბეიქერთან", შპს "ნილთან" და შპს "ქალი და ბიზნესთან" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გარკვეული პროდუქციის შესყიდვის ხელშეკრულებები ამ კომპანიებთან "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის დარღვევით გაფორმდა.
პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა ბაჯელიძის ბრალდებებს სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ კომპანია "ნილთან" მის უწყებას არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებულია კანონმდებლობის სრული დაცვით.
კახა კახიშვილმა სამართალდამცველ ორგანოებს თავად მიმართა თხოვნით, დაინტერესდნენ ფაქტით და დაიწყონ გამოძიება.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე (სსკ-ის 182-ე და 333-ე მუხლებით), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.