თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს სამარშრუტო ტაქსების კონდიცირების სისტემის გამართულობას და მძღოლთა ქცევას.
Facebook–ში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მძღოლი მგზავრს კონდიციონერის ჩართვაზე უარის გამო ეჩხუბა.
კომპანიამ ქალაქის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები დაავალდებულა, რომ 1 ივლისიდან კონდიციონერები ჩართონ, მაგრამ თბილისის მერიის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ გაგრილების სისტემას სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ 20% იყენებს. ამასთან, ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +33–38 გრადუსია.
"სამწუხაროდ, ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილში კონდიციონერი არ მუშაობს. ვატარებთ მონიტორინგს. მხოლოდ ერთ მესამედშია ჩართული. ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ქმედებებს. შეურაცხყოფის მიყენება უნდა დაისაჯოს", – აღნიშნა ნარმანიამ.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს "თბილისის მიკროავტობუსთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, მერიას ძალიან მკაცრი მექანიზმების გატარების საშუალება არ აქვს.
უფრო ადრე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" განაცხადა, რომ მძღოლების ის ნაწილი, რომელთა მიმართაც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებული და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმურ გადასახადს.
კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ კონდიციონერები ყველა მიკროავტობუსში გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, მძღოლები ზაფხულში შეღავათიანი სისტემით მუშაობენ, რაც გაგრილების სისტემაზე ხარჯების სრულად დაფარვის საშუალებას იძლევა.
მგზავრებს პრეტენზიების დაფიქსირება შეუძლიათ საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერზე 032 220-03-40.