თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს აღკვეთის ზომად 50 ათასი ლარის ოდენობის, ხოლო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, მალხაზ თევზაძეს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გიორგი მაჭავარიანს ბრალად ედება ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა, ხოლო მალხაზ თევზაძეს – სამსახურებრივი გულგრილობა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე ბრალდებული გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
„ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები სასამართლოს გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ. მათ დღისით შეაგროვეს ხელმოწერები მიმართვაზე, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მაჭავარიანი დამნაშავე არ არის.
სასამართლოს დაწყებამდე მთავრი პროკურატურის შენობის წინ საპროტესტო აქცია „ბავშვთა სამყაროს“ ყოფილმა მოვაჭრეებმა გამართეს და მაჭავარიანისა და თევზაძის დაპატიმრება მოითხოვეს. ასევე მათ ხანძარში სხვა დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო" და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 30 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების სამსახურეობრივი გულგრილობის გამო, სამაშველო-სახანძრო ძალების ადეკვატურმა რაოდენობამ ცეცხლის ლოკალიზება და ჩაქრობა „ბაზრობა ნიუ მოლის“ იმ ტერიტორიაზე ვერ მოახერხა, საიდანაც ცეცხლი გავრცელდა. ცეცხლმა „ბაზრობა ნიუ მოლისა“ და „ბავშვთა სამყაროს“ მთლიანი ტერიტიორია მოიცვა, რამაც ამ შენობებში განთავსებული აღჭურვილობა და სარეალიზაციო საქონელი გაანადგურა.