თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს, ამის შესახებ უწყება თავის ვებ-გვერდზე იტყობინება.
2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში მდებარე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილს (ე.წ. „ბაზრობა ნიუ მოლი“) ცეცხლი გაუჩნდა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია', — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გ.მ. დაკავებული იქნა საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით,(სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ). ხოლო მ.თ. საქართველოს სსკ-ის 220 მუხლის მეორე ნაწილით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე).
დაკავებულ პირებს ბრალი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რის შემდგომაც საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს.