თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვრის ლევან მინდიაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "აქ" მესტიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 30 ივლისს გაიხსნება.
ცნებებისა თუ ღირებულებების სიმყიფე და დღევანდელი სამყაროს გარდამავალი მდგომარეობა „ძველიდან“ ჯერ კიდევ გაურკვეველ მომავალში – ეს ის თემებია, რომლებსაც ლევან მინდიაშვილის ხელოვნებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს.
"ისინი მთლიანობაში ერთ ინსტალაციად იკვრება, სადაც არქიტექტურული და ბუნების ელემენტები სამყაროს ციკლურობას თუ მუდმივ დენადობას შეგვახსენებენ და აწმყოს — „აქ და ახლას“ მატერიალური განცდის მცდელობას წარმოადგენენ", — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
ლევან მინდიაშვილი 1979 წელს თბილისში დაიბადა. ცხოვრობს და მუშაობს ნიუ–იორკში. სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და გამოფენაში აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, უკრაინასა და საქართველოში. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა წლებში გაიმართა ნიუ–იორკში, კელნში, ბუენოს–აირესსა და თბილისში.
ლევან მინდიაშვილის გამოფენას მესტიის მუზეუმში წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თბილისის გალერეა Project ArtBeat, რომელიც საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მოღვაწეთა საერთაშორისო არენაზე წარმოჩენაზეა სპეციალიზებული.
გამოფენის ოფიციალური გახსნა, რომელზეც მხატვართან შეხვედრა გაიმართება, 15:00 საათზე შედგება. ექსპოზიცია 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.