თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ცხელ დღეებში, შეძლებისდაგვარად, იყავით კონდიცირებულ შენობაში, დალიეთ ბევრი წყალი და ქუჩაში ღია ფერის ტანსაცმლით გადით, განუცხადა საქართველოს დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ "Sputnik-საქართველოს".
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში შეიძლება +42 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო აღმოსავლეთში — +40 გრადუსამდე.
"როცა ცხელა, უნდა ეცადოთ, რომ მზეზე არ გახვიდეთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ გაგრილების ყველა შესაძლებლობა. მაგალითად, თუ ქუჩაში ხართ და იგრძენით, რომ სიცხემ ძალიან შეგაწუხათ, შეიძლება აფთიაქში ან მაღაზიაში შესვლა, სადაც კონდიცირებული ჰაერია, ცოტა გაგრილდით და ისე განაგრძეთ გზა", — განაცხადა იმნაძემ.
სიცხეში ძალზე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, რათა ორგანიზმი არ გაუწყლოვანდეს.
"უნდა დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, რადგან ამ დროს ორგანიზმის გაუწყლოვანება ხდება. არ დაელოდოთ წყურვილის გრძნობას. უბრალოდ, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი. თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ", — განმარტა იმნაძემ.
მისი რჩევით, უმჯობესია მზიან და ცხელ დღეებში ღია ფერის ტანსაცმელი ჩავიცვათ.
"უნდა ჩაიცვათ მაქსიმალურად თავისუფალი, ნათელი, თეთრი ფერის ტანსაცმელი, ყოველ შემთხვევაში, მუქი ფერის არა, რომ ორგანიზმი დამატებით მზის პირდაპირი სხივებით არ დაიტვირთოს. სითბო ადამიანს უფრო მაშინ გადაეცემა, როდესაც მუქი ფერის სამოსი აცვია", — აღნიშნა იმნაძემ.
გარუჯვის მოყვარულებს სპეციალისტი მზის აბაზანების მიღებას მხოლოდ დილითა და საღამოს ურჩევს.